რევაზ სოხაძე-არსებობს უბრალოდ გზები და არსებობს სტრატეგიული ფუნქციის გზები, რომელიც ქმნის ქვეყნის განვითარების წინაპირობას-ასეთია რიკოთი
29 დეკემბერი 2025
,,ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულებას, რომელიც ხვალ შუადღიდან სრულად იქნება გახსნილი მოძრაობისთვის. ვულოცავ ყველას, ვინც გულშემატკივრობდა და ვინც თუნდაც ერთი დღე იმუშავა ამ პროექტზე“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რევაზ სოხაძემ გზის მშენებლობის პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროექტი ურთულეს რელიეფზე, ხშირად უმძიმეს პირობებში, ყველა სეზონზე და ნებისმიერ ამინდში ხორციელდებოდა. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო საგზაო დერეფნის განვითარების პროცესში რიკოთის მონაკვეთი ითვლებოდა ყველაზე რთულად როგორც საინჟინრო, ისე მშენებლობის დაგეგმვის თვალსაზრისით, რის გამოც ათეული წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა საუღელტეხილო გზის სრულმასშტაბიანი მოდერნიზაცია.
„ამ გზის მშენებლობის რეალურად დაწყება და ბოლომდე მიყვანა შეძლო „ქართული ოცნების“ გუნდმა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაზე. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბისა და საინჟინრო სირთულის პროექტი ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში აქამდე არ განხორციელებულა“ - აღნიშნა მინისტრმა.
რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის ყველა დასახლებულ პუნქტს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სატრანსპორტო ნაკადს დასახლებებში და ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას. გზა 8 კილომეტრით ამცირებს მგზავრობის მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.
„ჩემთვის და, ალბათ, ჩემი თაობის მრავალი წარმომადგენლისთვის რიკოთი ბავშვობასთან ასოცირდება - რთულად გადასალახ უღელტეხილად. დღეიდან, რიკოთი იქნება ჩვეულებრივი საგზაო მონაკვეთი - უსაფრთხო და კომფორტული, როგორც ჩვენი მაგისტრალის სხვა მონაკვეთები“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა გზის დაგეგმვასა და მშენებლობაში, ასევე სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყნის პოლიტიკურ გუნდსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
,,არსებობს უბრალოდ გზები და არსებობს სტრატეგიული ფუნქციის გზები, რომელიც ქმნის ქვეყნის განვითარების წინაპირობას-ასეთია რიკოთი“-განაცხადა რევაზ სოხაძემ.